არჩევანი, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ  ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა გარდაიცვალა, როგორც ამბობენ სინთეტიკური  ნარკოტიკების მოხმარების გამო. ტრაგედიამ მსჯელობის საგნად აქცია თბილისში არსებული ღამის კლუბების რეპუტაცია და ყოფნა-არყოფნა, ქვეყნის ნარკოპოლიტიკის სადაო საკითხები, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის აუცილებლობა და  იმ ადამიანების მორალურ მხარესაც გადაწვდა, რომლებიც ალკოჰოლს ან მსუბუქ ნარკოტიკებს მოიხმარენ და  გასართობად ღამის კლუბებში დადიან. მსჯელობა თავის მხრივ ცუდი არ არის, პირიქით მისასალმებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, რთულ და პრობლემურ საკითხს ეხება. იმასაც ამბობენ, კამათში ჭეშმარიტება იბადებაო, მაგრამ არა ასეთ კამათში, როცა ყველაფერი ბინარულ ოპოზიციამდე დადის და ერთნი იმის მტკიცებას იწყებენ, კლუბები დავხუროთ, პოლიციის კონტროლს დავუქვემდებაროთ, ის ხალხი რა ხალხია, ვინც ტრანკვილიზატორების გარეშე ვერ ერთობაო და მეორენი გაიძახიან, ახალგაზრდებს ნარკოტიკებზე თავისუფალი წვდომა გვჭირდება, აკრძალულ და უფრო მავნე ხილს რომ არ მოვაკვლევინოთ თავიო. ასეთი კამათი მხოლოდ მარგინალური ჯგუფების მეტად სტიგმატიზებას, მორალის სახელით ადამიანების შეურაცხყოფას და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების იდეებს თუ უწყობს ხელს.teenage-stress

ერთი კია, ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის პრობლემები რაც ქართველ ახალგაზრდებს აქვთ/გვაქვს: აქ ცოტაა გასართობი ადგილები,  საჯარო სივრცეები, სადაც ახალგაზრდებს შეკრება, აზრის გაცვლა-გამოცვლა, ერთმანეთის გაცნობა, მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების პოვნა შეეძლებათ, ცოტაა ისიც, ვისაც ამის მოთხოვნილება აქვს, ვინაიდან ჩვენ არავინ გვასწავლა თავის დროზე, რომ პარკები, საგამოფენო დარბაზები, მუზეუმები, გალერეები, კაფეები და კლუბები სწორედ ჩვენია, ჩვენთვის შექმნილი და ჩვენ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ ისინი, დავიკავოთ, ისეთები გავხადოთ, როგორებიც გვინდა: – უფრო ფუნქციონალურები, ჩვენს ინტერესს მორგებულები.

არც ის გვასწავლა ვინმემ, რომ არ არსებობს სავალდებულო გართობის და დასვენების ფორმები და შენი გადასაწყვეტია, კლუბში გირჩევნია წასვლა, მთაში კარვის გაშლა თუ სახლში ფილმის ყურება. უცნაურია და შეიძლება ბევრი არც აცნობიერებდეს, მაგრამ როგორც წესი ჩვენს მაგივრად რიგი გარემოებები წყვეტენ იმას, სად და როგორ „გავერთოთ.“   მავანი იძულებულია იმ კლუბში იაროს, სადაც ყველა სხვა დადის, იმიტომ რომ იქ სიარული კარგი ტონია, მას კი კარგი ტიპის სტატუსი უნდა შეიძინოს,  სხვა მშობლებს დაყვება ოპერაში ან თეატრში, ვინაიდან ეს ოჯახური ტრადიციით განპირობებული ვალდებულებაა,  ვიღაც მესამე საერთოდ უარს ამბობს გარეთ გასვლაზე და მონიტორსამოფარებული აგრძელებს ცხოვრებას,  გარე სამყარო საშიშად ეჩვენება, არ იცის იქ როგორ დაიმკვიდროს თავი, ზოგს  ბავშვობიდან ესმის, რომ კლუბებში სიარული გარყვნილებაა და იქ ფეხი არ უნდა დაადგას და ასე დაუსრულებლად. მეტიც, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურმა ფონმა ძალიან ბევრი ახალგაზრდას ლექსიკონიდან საერთოდ წაშალა ისეთი სიტყვები, როგორიცაა  გართობა, დასვენება, თავისუფლება და არჩევანის შესაძლებლობა. ათასობით ბავშვი და ახალგაზრდა მძიმე ფიზიკური შრომით ცდილობს თავის გადარჩენას. ეს ხალხი ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულების კიდევ უფრო მაღალ რისკის ჯგუფს წარმოადგებს.

ალბათ, როცა ახალგაზრდობის პრობლემებზე ვმსჯელობთ,  სანამ რადიკალურ გადაწყვეტილებებამდე მივალთ, სტიგმას უფრო გავამწვავებთ და ცალკეული ჯგუფების მარგინალიზებას მოვახდენთ, ზუსტად ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ და ისეთი გარემოს შექმნაზე ვიზრუნოთ, სადაც ადამიანი თვითონ იქნება გადაწყვეტილების მიმღებიც და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი. ალბათ ახალგაზრდებს მეტი სივრცე, მეტი თავისუფლება, მეტი საქმე და ადგილი რომ ქონდეთ, სადაც თავის რეალიზებას მოახდენდნენ, ნაკლებად გაუჩნდებოდათ ტრანკვილიზატორების მოხმარების სურვილი. გარემო ნაკლებ ძალადობრივი რომ იყოს და „სწორი ცხოვრების“ მზა ფორმულებს არ გვახვევდეს თავზე, უფრო ცოტა ადამიანი იფიქრებდა რომ  მათგან თავის დახსნა მხოლოდ რადიკალური პროტესტით არის შესაძლებელი. ახალგაზრდების მიმართ მეტი ნდობა რომ არსებობდეს, მათ ექნებოდათ გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ეცოდინებოდათ, რომ პასუხისმგებლობაც  თვითონვე აკისრიათ  საკუთარ გადაწყვიტებაზე.

შესაძლოა ვიღაცას უადგილოდ ეჩვენოს პასუხისმგებლობაზე, თავისუფლებასა და გართობისთვის საჭირო ადგილებსა და უნარ-ჩვევებზე ლაპარაკი მაშინ, როცა ვიღაცის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.  ახალგაზრდა, რომელიც ინერციით ცხოვრობს, რომელიც იმას იღებს რასაც თავაზობენ, რომელიც არ ცდილობს მის ხელში იყოს გადაწყვეტილებების მიღების ფუფუნება და ამით მიღებული თავისუფლება,  არანაკლები პრობლემაა, ვიდრე მაგალითად ნარკოდამოკიდებულება.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s