Du†ch Lover

Du†ch Lover ქართული ელექტრონული მუსიკალური პროექტია, ერთი ადამიანის პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მწიფდებოდა. დებიუტი newcomers 2012-ზე ქონდა. როგორც პროექტის ავტორი ამბობს, მულტიჟანრობრივ მასშტაბურ კონცერტზე გამოსვლა მისთვის დიდი და საჭირო გამოცდილება აღმოჩნდა. შემდეგ იყო ვაკის პარკში თითქმის ერთ საათიანი Live დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე.

 

პროექტის ავტორი, ანუ გიო მეგრელიშვილი (მეგობრებისთვის „მეგრელა“ ) იმ კატეგორიის მუსიკოსია, რომელსაც სპონტანური ნაბიჯები დიდად არ ახასიათებს, საქმეს რაციონალურად უდგება და სკულპუოზულად ქმნის თითოეულ ტრეკს, ტექსტს, ვიზუალს, იმიჯს, კონცეფციას და მხოლოდ შემდეგ აწვდის რაფინირებულ პროდუქტს მსმენელს.

1382997_10201668742514567_679337312_n

იმიჯი, რომელიც მინდა შევქმნა ჩემი პროექტიდან, ძალიან ახლოს არის იმასთან, როგორ ვცდილობ ადამიანებთან ინტერაქციას. მინდა ადამიანებმა იფიქრონ ჩემი მუსიკის შემდეგ, ჩემთან საუბრის შემდეგ, რომ ჩემში არის რაღაც საინტერესო და კიდევ მომისმინონ, ისევ მოუნდეთ ჩემთან საუბარი. სწორედ ამაზე ვმუშაობ ყველაზე მეტს, რომ პროდუქტი, რომელსაც ვაწვდი მსმენელს, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს. მინდა ჩემი მუსიკით ადამიანები დამოკიდებული გავხადო იმ ემოციებთან, რასაც ჩემი მუსიკა აჩენს.

სამყაროსთან ურთიერთობის ერთგვარად თითდესტრუქციული მანერა მაქვს. ვცდილობ ჩემს თავში ვიპოვო ის, რომ ვიღაცას ვჭირდება. ერთგვარი რეციპროკული დამოკიდებულება: რასაც ელოდები ადამიანებისგან, იმას იღებ.

Du†ch Lover

თვითონ ეს პროექტი უნდა ყოფილიყო თრიბიუთი იმ გამოცდილებისა, რომელიც დამიგროვდა უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში. გამოცდილება, რომელიც ძირითადად ადამიანებთან ურთიერთობამ მოიტანა, შესაბამისად, პროექტი ძალიან ინტიმურია. მელოდია ყოველთვის არის მინორული და მელანქოლიური, ამასთანავე ტექსტებს თუ გავშიფრავთ და მოვუსმენთ, ეს არის ძალიან ბნელი მხარეა ჩემი გონების და მეხსიერების. ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ უბედური ადამიანი ვარ, ვფიქრობ ამ მუსიკაში ძალიან ბევრს შეუძლია ნახოს რაიმე საერთო საკუთარ თავთან.

საერთო ჯამში ჩემი მუსიკის მთავარი ლეიტმოტივი შეიძლება იყოს ის, რომ ნებისმიერი ნეგატიური გამოცდილებიდან შეიძლება დაგრჩეს ფასეული ემოციური კაპიტალი, რაც ძალიან მაგარია ცხოვრებაში და ზოგადად, ზუსტად მანდ მისვლას ვცდილობ, რომ ჩემმა მუსიკამ თანმიმდევრული სახე მიიღოს და მათ, ვინც მომისმენს, შეიქმნან წარმოდგენა ჩემს წარმოდგენებზე სამყაროს შესახებ.

საერთოდ ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, არტის რაიმე ფორმა გააკეთონ, ხშირ შემთხვევაში უნდა ეძებდნენ თავიანთ შთაგონებას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ხელოვნებაში. ნებისმიერი კომპონენტი, რაც მუსიკოსს უნდა ახასიათებდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ პროდუქტის მიწოდებისას. ამიტომ ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, კონკრეტულ მუსიკას როგორი ტექსტი, როგორი ტექსტი, როგორი ვოკალი, ვიზუალი მოუხდება და შემდეგ უკვე მზა პროდუქტს როგორ მივაწვდი მსმენელს, თუნდაც როგორი ჟესტიკულაციით, როგორი ფორმით. სწორედ ეს (შენი მუსიკის შეფუთვა და სრულყოფა) არის ის შემოქმედებითი პროცესი, რაც ყველაზე საინტერესოა ჩემს საქმიანობაში და არა ის, რომ ბიტი ბიტს მიადო და რაღაც მელოდია შექმნა. მთლიანი კონცეფციის მოფიქრება ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

მუსიკოსი, როგორც ასეთი

მუსიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქონდეს ძალიან მყარი მუსიკალური თვითშეფასება, რაც ძალიან ძნელი მისაღწევია. ჯერ კიდევ მაქვს ხოლმე მომენტები, როცა ვფიქრობ, არის თუ არა ჩემი პროდუქტი იმ ხარისხის, რასაც მე, როგორც მსმენელი მოველი მუსიკისგან, ანუ ეს არის ძირითადად ბრძოლა საკუთარ თავთან. იმ დონემდე მიხვიდე, რომ შენი თავი მიიღო ისეთი მუსიკოსი, როგორიც ხარ, არც იმაზე უკეთესი და არც უარესი, ძალიან ძნელია, ამისთვის კომპლექსური მუშაობაა საჭირო. თუნდაც ის პირველი პროექტი, რომელიც გიორგი მეგრელიშვილის სახელით გავაკეთე და ძალიან პოლიფონიური იყო და დღეს ძალიან სასაცილოა, როცა ვუსმენ, ვცდილობდი მომესმენინებინა იმ ადამიანებისთვის, ვინც პოზიტიურ შეფასებებს მომცემდა, ეს საჭიროა, რომ არ გაჩერდე, არ შეწყვიტო შენი მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაივიწყო შენი პირველი, პრიმიტიული მუსიკალური პროექტები, რომ მიხვდე, როგორ იზრდები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩემნაირი მუსიკოსებისთვის, ვისი ცხოვრებაც არ არის სავსე ამაღელვებელი მუსიკალური თავგადასავლებით. შეიძლება თვეები გავიდეს ისე, არავისთვის არ დაუკრა და გაგიწყდეს მსმენელთან კავშირი. ეს ძალიან სახიფათოა. როგორც კი კარგავ კავშირს მსმენელთან, კარგავ კავშირს საკუთარ მუსიკალურ მესთან. მერე რთულია იპოვო ახალი რამეების კეთების ძალა.

მუსიკოსის რუტინა და შემოქმედებითი საწყისი, რომელიც რუტინას ასატანს ხდის

უცნაურია, რომ ჩემს ირგვლივ მუდამ არიან ჩემზე ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც არაფერი არ გაუკეთებიათ დღემდე. ეს მიჩენს კითხვას, რა არის ის შემოქმედებითი საწყისი, რომელიც განაპირობებს ვინმეს არტისტად ქცევას და გაკეთებინებს რაღაცას. რეალურად, ჩემს უნარებსა და ამ ადამიანებს შორის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს ტექნიკურ დონეზე მუსიკის კეთების, მაგრამ ალბათ უნდა იცოდე, სად გინდა მოხვდე რაღაც პერიოდის შემდეგ და აცნობიერებდე იმ ნაბიჯებს, რისი გადადგმაც მოგიწევს შენი მიზნის მისაღწევად და იმ მსხვერპლს, რისი გაღებაც მოგიწევს.

განვითარებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სავარჯიშოა ის, რომ შენი რაიმე პროდუქტი რაღაც პერიოდით გადადო გვერდზე, დაივიწყო და მერე ხელახლა მოუსმინო. თუ ძველი, მეტ-ნაკლებად სუსტი პროდუქტისგან შენ შეძლებ და შექმნი უკეთეს პროდუქტს, ესე იგი იზრდები, ესე იგი შეგიძლია საკუთარი სისუსტეების დანახვა.

1383310_10201668744994629_511967888_n

ხალხი, ვისთვისაც კეთდება მუსიკა

სანამ მსმენელეთა რაოდენობა იმდენია, რომ მე შემიძლია ვიცოდე მათი სახელები და გვარები და ვცნობდე ქუჩაში, მანამ არ გაქვს სრული თავისუფლება, მანამ ვერ შეძლებ მათი შეფასებების იგნორირებას, არ გაქვს დიდი მოქნილობის საშუალება. იძულებული ხარ გაითვალისწინო მსმენელის აზრი.

აქტივისტი – მუსიკოსი

რეალურად ადამიანების დამოკიდებულებებს ძალიან ცვლის ის ემოციები, რასაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხვდებიან. აქედან გამომდინარე, ვცდილობ ჩემი მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულებების, იდეოლოგიის, აზრების გადაცემისთვის არ გამომეყენებინა ის ემოციები, რომელიც შემიძლია მსნელენელს გავუჩინო, დიდი შეცდომა იქნებოდა. შესაბამისად, სცენა ჩემთვის კარგი საშუალებაა ჩემი ფასეულობების გადასაცემად. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ძალიან ინტიმურია, ის მოიცავს ჩემი იდეოლოგიის დიდ ნაწილს.

ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად დააფასოო შენი სათქმელი და სწორად მიაწოდო მსმენელს შენი მესიჯი. თუ ვერ მოახდინე სწორად კომუნიკაცია, ვერ გაგებული, ან არასწორად ინტერპრეტირებული იქნება შენი სათქმელი.

ზოგადად, ჩემი ცხოვრებაა ისეთი, არ მიყვარს, როცა რაღაცაში ვარ შეზღუდული. საოფისე სამსახურიც კი არ არის ჩარჩოში ჩამჯდარი, შესაბამისად, ძალიან ხშირად კვეთს ჩემი ნებისმეირი საქმიანობა ერთმანეთს. მინდა რომ უფრო პოლიტიკური ვიყო მუსიკის კეთებისას და უფრო შემოქმედებითი ვიყო პოლიტიკური მოღვაწეობისას.

მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რაც მინდა ადამიანებს მივაწოდო, არის ის, რომ ქონდეთ საკუთარი აზრები და უფრო კრიტიკულები იყვნენ ყველაფრის მიმართ, რაც გარს გვახვევია.

ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩვენს გონებაში ავტომატუად არის ჩადებული, გაუცნობიერებლად და როცა ხვდები, რამდენ რამეს ვერ აცნობიერებ, ძალიან სევდიანია. ალბათ კითხვების დასმით უნდა დავიწყოთ. თუ არ სვამ კითხვებს, ისეთ კანონებს იღებენ და გარგებენ, ისე გიქმნიან სამუშაო პირობებს, ისე გართმევენ უფლებებს, ისეთ გარემოს გიქმნიან, როგორიც თვითონ უნდათ. თუ შენ არ მონაწილეობს ამ ყველაფერში თუნდაც კითხვის დასმით, მაშინ შენს ხმას მინიმალური ღირებულებაც კი არ გააჩნია.

ჩაკეტილი წრე – ქართული კულტურული სივრცე

ადამიანები საქართველოში საკუთარ გემოვნებას არ იყალიბებენ, ინდივიდუალიზმი თითქმის არ არსებობს, აკეთებ იმას, რა მოლოდინიც საზოგადოებას აქვს შენგან, უსმენ იმას, რასაც გაწოდებენ და საერთოდ არ ცდილობ რაიმე ახალი აღმოაჩინო. მოთხოვნის სიმწირე მიწოდების სიმწირეს აჩენს. ალბათ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი კულტურული პრობლემა, რომ ადამიანები არ ცდილობენ თვითგანვითარებას მრავალმხრივად. ცხადია ეს მუსიკაზეც აისახება. რეალურად ძალიან ცოტაა ისეთი, რომელსაც ურჩევნია, ათ ბენდს მოუსმინოს ერთის მაგივრად. ასეთი ადამიანები რომ ბევრი იყოს, გაჩნდებოდა 10 მოსმენადი ბრენდი. როცა მოთხოვნა არ არის, არც მუსიკოსები ცდილობენ უკეთესი პროდუქტი შექმნან, საქართველოში მუსიკოსები საკუთარ საქმეს როგორც ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ისე არ უდგებიან. ცოტა თუ იტყვის თავის პროდუქტზე, რომ მან ყველაფერი სცადა მისი სრულყოფისთვის. იცის, რომ შედარებით დაბალი ხარისხის მუსიკასაც მოუსმენენ, ამიტომ აღარ იწუხებს ზედმეტად თავს.

მარტო მუსიკის კეთებაც არ არის. ზოგს აკლია ხარისხი, ზოგს აკლია იდეა. იმპულსურად და ინტიუტიურად ნაკეთებ მუსიკას ეტყობა და ეს აკარგინებს მას სწორედ იმ კომერციულობას, რაც უნდა ქონდეს მუსიკას. ის ბენდებიც, რომლებმაც მოახერხეს და ის საკრალური წინაღობა გადალახეს, რომელიც არის იყო ქართული ბენდი და ამასთანავე პოპულარული ქართველი ბენდი, დიდად შორს ვერ წავიდნენ. საინტერესო პროდუქტს ვეღარ ქმნიან. ალბათ ძალიან ბევრი სხვა უნდა ნახო, რომ პროგრესი არ შეწყვიტო. დღევანდელ კულტურას რეაქტიულობაც აკლია, თუნდაც ისეთი, როგორიც 90-იანების მუსიკოსებს ქონდათ. სიბნელე ზოგჯერ კარგი ინდიკატორია და გიბიძგებს რამე ხმამაღალი და კარგი თქვა. დღეს ისე ძალიან აღარ ბნელა, რომ ამან მოგცეს ძლიერი იმპულსი, შესაბამისად, ამოსავალი წერტილი შენი პირადი გამოცდილება და ემოციებია. თუ ბევრი არ ნახე, ბევრი არ განიცადე, ცხადია, ფასეულს ვერაფერს ვერ შექმნი. ის ილუზიური გახსნილობა, რაც დღეს არის, კლავს კულტურას. ერთი შეხედვით ყველაფრის საშუალება და უფლება გაქვს , მაგრამ რეალურად რომ იწყებ ფიქრს იმაზე, რა შეგიძლია აკეთო, სად შეგიძლია აკეთო და როგორ შეგიძლია აკეთო, ხვდები, რომ არანაირი სივრცე არ გეკუთვნის და დიდს ვერაფერს გააკეთებ.

ახალგაზრდობას არ ჭირდება ახალი ოპერის თეატრი, ახალგაზრდობას ჭირდება ბევრი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც შეძლებენ თვითონ შექმნან არტი. ის სივრცეები, რაც არსებობს, არის მათთვის, ვისაც ისედაც აქვს რაღაც ადგილი მოპოვებული საზოგადოებაში, ახალგაზრდები და დამწყებები არავის აინტერესებს.

ამ შემთხვევაში გამოსავალი ალბათ ის არის, რომ ჩამოყალიბდეს კულტურული ურთიერთობები იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რამეს ქმნიან. გარდა ამისა, არ არის აუცილებელი კულტურას მხოლოდ „კულტურულ“ ადგილებში მივუჩინოთ ადგილი, მე მაგალითად მქონდა შემოთავაზება შვედეთიდან,ერთ-ერთი ბუტიკ-მაღაზიიდან, რომ იქ დამეკრა. ანუ, დასავლეთში არის კულტურა, რომ არა მხოლოდ საკონცერტო დარბაზში, არამედ მაღაზიებში, კაფეებში ისმოდეს ექსპერიმენტული მუსიკა. აქ ეს ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

თბილისში ძალიან მარტივია გახდე მეტნაკლებად ცნობილი, მით უმეტეს მაშინ, როცა ქმნი რაღაცას და სხვა არაფერს.იმდენი მეფე მგონი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა მუსიკალურ სფეროში, რამდენიც საქართველოში. ამბიციები ძალიან მნიშვნელოვანია გააგრძელო შენი საქმის კეთება, მაგრამ ამბიციებმა არ უნდა დაგვაკარგინოს საკუთარი თავის რეალუსტურად შეფასების უნარი. მთავარია იპოვო შენს თავში ენერგია და გააგრძელო ამ ყველაფრის კეთება და იცოდე, სად გინდა მიხვიდე, რომ მიმართულება არ შეიცვალო, შენს თავთან იყო მართალი.

1381302_10201668742674571_488872103_n

3 thoughts on “Du†ch Lover

  1. გიო, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ….და მრავალმხრივი.

    • Thank you for your interest, we will try to hook you up with the right person to discuss your proposition.

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s