ჩემი, ჩვენი გრძელი და ნათელი დღეები…

… მე 90-იანელი ვარ. შენც, შენც, შენც, შენც და შენც. თუ პურის რიგში არ მდგარხარ და კერასინკის ჭვარტლით არ გაშავებულხარ, რაა მამული?!

ჩემი, ჩვენი მამულის 90-იანებმა რომ უშრეტი, ამოუწურავი თემა დაუტოვა ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, ჩვემთვის უკვე ეჭვგარეშეა. თუმცა, საიდან დაინახავ და საიდან დაანახებ ამ ყველაფერს, ამაშია საქმე. ბევრის ვერ დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ეცადნენ, მაგრამ ის, რაც გუშინ ვნახე და ვიგრძენი, ჩემი დაბრუნება იყო და მთელი ღამე იქ დავბორიალობდი – ბორდოსფერი მანტო მეცვა (დიდი რომ მქონდა) და სითბოსთვის ბებიაჩემმა შიგნით რაღაც რომ გამოაკერა; ცისფერი ჩექმა – შესაკრავი რომ გაუფუჭდა და სამი დღე რომ ვიტირე. მერე, დედაჩემმა სკრეპი მოაბა და მრცხვენოდა, იმ ფეხს შიგნით ვდგამდი. თერთმეტის ნახევარზე შუქი მოდიოდა, მაგრამ ხშირად უბნის აღფრთოვანებული ააააააააა მომენტალურად ოოოოო – თი იცვლებოდა. ლამპის შუშას ქაღალდი ჰქონდა ჩამოცმული – თვალები არ მტკენოდა 🙂 და სკოლაში თითო ნაჭერი შეშა მოგვქონდა. სკოლის პედაგოგ ქალთა უმრავლესობა მდედრულად ზვიადისტი იყო. გარჩევები სამასწავლებლოში. წლები გადიოდა და საღამოს 6 საათის შემდეგ, გარეთ რა ხდებოდა არ ვიცოდი. ჩემი სკოლელი მოიტაცეს და დააბრუნეს. მეორეც მოიტაცეს და ის დარჩა. მოტაცებები კლასიკა იყო. ამის გარეშე, სიტუაცია – ნოლი! მახსოვს, ერთხელ ტელევიზიით კადრებიც გავიდა, როგორ ჩატენეს ნოლშესტში გაჩერებაზე მდგომი გოგოშკა და ჰერიიი… ჩემი უფროსი დეიდაშვილები ფეხებს მაბრეცინებდნენ, მოდაშიაო და დედაჩემი მკლავდა 🙂

“გრძელი ნათელი დღეები” ვნახე გუშინ. კიდევ უნდა ვნახო. თუ რამე დამეჯერება, ასეთი ნამდვილი, არანაყალბევი ქართული “90-იანური” ფილმი მე არ მინახავს. ჩვენზეა ფილმი…. სკოლის მერე, ვინმესთან შეყრილი საგოგოეთი, პიანინოს გრიალი და მრავალხმაში სიმღერა, მოფრიალებული ფანჯრები. უბნის საეჭვო, ძალიან საეჭვო და “ისე რა” ტიპები. გაღიზიანებული მშობლები… ცისფერი კაფელი, სიშავეშეპარული პარკეტი. ურთიერთობები, რომლებიც აღარ გვაქვს… დაბღვერილი მოზარდები, უხასიათობა, საოცარი გასართობები…

გრძელი ნათელი დღეები - საუბრები ფილმზე

გრძელი ნათელი დღეები – საუბრები ფილმზე

საოცარი, მართლა საოცარი ქორწილის სცენები… და ცეკვა. ფანტასტიურად მუშაობს კამერა, საოცრად! ცეკვის ეპიზოდმა მთლიანად შიგნით შემითრია და შალახოს ტაშტააშ-ტააშს ამაყოლა…. და აესე, მარტივად – არ გინდა ფილმი დამთავრდეს.

და ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი  – ეკა (ლიკა ბაბლუანი) – საოცარი ბავშვი, ხარივით დიდი და ულამაზესი თვალებით, პატიმარი მამით, “დიდი გოგო” დითა და ყველაფრით დაღლილი დედით. გოგო, რომელმაც მთელ სამყაროს აპატია არსებობა. აპატია საკუთარ თავს, პურის რიგის გავეშებულ ბრბოს, უბნელ ბიჭბუჭობას, მამას, საუკეთესო მეგობარს და დამპალ ქვეყანას. ჩვენსავით უხასიათო, მაგრამ ძლიერი, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა.

მე 90-იანელი ვარ. ახლა, წვიმაში აღარ დავრბივარ, სკოლიდან აღარ ვიპარები, გაკვეთილზე არ ვმაიმუნობ, შეშის ფეჩის შუქზე აღარ ვკითხულობ. აღარც შეყვარებულთან ერთად დავიპარები ტალახიან ქუჩებში და მერე დედაჩემს აღარ ვატყუებ. “ბუხანკა” პურის “გარბუშკაც” წლებია არ გამიღრღნია. სკოლის მერე აღარ დავეღეტები უმიზნოდ…

ჰოდა, თუ რამე დამეჯერება, წადით და ეს ფილმი ნახეთ… ჩვენ 90-იანელები ვართ.

in bloom

9 thoughts on “ჩემი, ჩვენი გრძელი და ნათელი დღეები…

  1. ზუსტად გუშინ, გადავწყვიტე ქუჩაში გამეღრღნა შოთის პურის ყუა და ზუსტად ამაზე ვფიქრობდი, ნეტა რა მაჭმევდა 90იანებში იმ უგემური, ცხელი ბუხანკა პურის გარბუშკასთქო 😀

  2. ფილმს ვუყურე და მქონდა შეგრძნება, რომ ბევრი, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გამორჩათ. 92-იანებში არ იყო მეტალოპლასტმასის ფანჯრები, რომლებიც უკან კორპუსებზე მოჩანს, შუქიც არ იყო და რატომღაც უშუქობის თემას არავინ შეხებია, გარდა ერთი მომენტისა სადაც სანთელს ყიდულობს. როგორ ხდება, რომ ქუჩაში შუქი არ იყო და სახლში კი. არც წყალი მოდიოდე ეგრე შენს ჩკუაზე და ფილმში ყველაფერი ისე არ იყო. ჩემში ამ ფილმა ვერანაირი ემოვია ვერ გამოიწვია. ვუყურებდი და არაფერი.თემა ძალიან კარგი ქონდათ შერჩეული, რაც შეეხება მსახიობების თამაშს ძალიან არ მომეწონა, ზედმეტად ხელოვნური იყო. ნამცხვრის გამოცხობა ღუმელში ეს კიდე ცალკე თემაა… ხალხს კერასინკა ენატრებოდათ აქ უცებ გაზი და ღუმელიც გვხვდება. მომღიმარი სახეები პურის რიგის მასოვკაში და ფილმი დაირღვა,ემოცია დაიკარგა. ძალიან ხელოვნური სიკვდილი შადრევანთან.მოკლედ ამ ფილმს როგორც სერიოზულ ნამუშევარს ვერ განვიხილავ.ევროპაში აიღებდა ჯილდოებს, მათთვის სრულიად საკმარისია ის რაც ნახეს, მაგრამ მე, როგორც ამ თაობის წარმომადგენელს ბევრი რამ მაკლდა და ფილმმა ეს ვერ შეავსო

    • ვისაც შეგვევსო, ისინი გაგვატარეთ მაშინ :))))))) 😉

    • შუქის თემა იყო გავრცობილი, ორჯერ იყო ნახსენები, ერთხელ სანთელს რომ ყიდულობს და მეორედ ეკითხება, “შუქზე რა ხდება, ხომ არ მოსულა?” და მაინცდამაინც მთელ ფილმს მემგონი ვერ დაუთმობდნენ მაგ ფილმს. მეტოლოპლასტმასის ფანჯრები ზოგს ჰქონდათ. გაზიც ჰქონდათ მაღალ სართულებზე… რა დარჩა? შადრევანი? 😀

    • ეგ დეტალები იდეალურად Since Otar Left-შია გაშლილი. მე მგონი აქ სხვა რამეზე იყო აქცენტი და სოცთემების ბოლომდე დაწვრილმანება დეტალიზაციით მთავარიდან ყურადღება სხვა რამეზე გადავიდოდა.

      მასე, ბუხაკა პურიც სხვანაირი იყო, ძირზე გოფრირებული და უფრო ფშუტურა :)) იკაიფე/გევასება/დაიკიდე-საც არავინ იყენებდა იმ წლებში, საერთოდ არ ვიცოდით ეგ ტერმინები 92-93ში კი არა უფრო გვიანაც. ასეთი გუჶები ყველა ფილმშია და ტრაგედია არაა, თუ არსებითად არ ცვლის ფილმში მთავარს. მე მგონი აქ არ ცვლის.

      • ისე, დარწმუნებული ხარ რომ “გევასება” არ იყო? მე აშკარად მახსოვს. “იკაიფეზე” თავს ვერ დავდებ.

  3. Pingback: 2013 წლის პოპულარული საკითხავები | Online magazine - What I See

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s