F5 – ქართველი კინოდოკუმენტალისტის გამომაცოცხლებელი მიუზიკლი

f5ზომბი და გრინჩი კლუბ “დივანში”, ბეთხო სათამაშოების მაღაზიაში, ბალერინა გოგონები სასტუმრო Holliday Inn-ში, ტეტე ლტოლვილების დასახლებაში, პორნოპოეზიის ბიჭები სრულიად აბსურდულ გარემოში, – ფსევდო-ოფისში, ბასკი დიდ თოვლში – ეს არა რომელიმე თავგადაკლული მელომანი თინეიჯერის  უთავბოლო სიზმრები, არამედ თანამედროვე ქართველი მუსიკოსების განაწილებაა ახალ ქართულ ფილმში, რომელსაც მაყურებელი რამდენიმე დღეში, 7 თებერვლიდან იხილავს დიდ ეკრანზე და რომელშიც მხატვრული, დოკუმენტური და მუსიკალური ფილმებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკები იქნება შერწყმული.

ფილმს, რომელიც 8 სრულიად დამოუკიდებელ კინონოველას აერთიანებს, F5 ერქმევა. თითოეული ნოველა თანამედროვე ქართული ბენდების კომპოზიციებზეა აგებული და მათში რეალური და ილუზიური სამყაროები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. F5-ში ისტორიებს მუსიკა ქმნის – თითო ნოველა თითო ჯგუფის: Kung Fu Junkies, TeTe, Landmark, Stia, Zurgi, Catch the clouds, Pornopoezia, Svansikh – მუსიკალური კომპოზიციაზეა აგებული, რომლებიც  განსაზღვრავენ ფილმის სიუჟეტს  და ესთეტიკას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჯგუფები ერთმანეთისგან კონცეპტუალურად განსხვავებულ მუსიკას ქმნიან, ფილმი სავარაუდოდ სრულიად  სხვადასხვა ორგანიზმების ერთიანობა იქნება.

ფილმის  რეჟისორიც, პროდუსერიც და სცენარისტიც ალექსანდრე ქორიძეა, რომელიც  აქამდე დოკუმენტალისტიკით იყო დაკავებული (გადაღებული აქვს ფილმი “ზღვისეული” ნინო ქათამაძეზე და “ჩე” – ახალგაზრდულ მოძრაობა “კმარა”-ზე),  ამ ფილმის გადაღების შემდეგ ისევ დოკუმენტალისტიკაში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას. მანამდე კი კითხვაზე, რა ნიშნით აარჩია ჩამოთვლილი 8 ბენდი, ამბობს, რომ პირადი სიმპატიისა და მუსიკალური გემოვნების მიხედვით. “ვფიქრობ, რომ უმდიდრესი მუსიკალური ტრადიციების მქონე საქართველოში გაცილებით მეტი საინტერესო ბენდი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არიან. მართლა არ მესმის, რატომ განვიცდით ხარისხიანი მუსიკის ასეთ დეფიციტს. ალბათ, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, შესაძლებელია, ქართული საზოგადოების არქაული მენტალიტეტის ბრალიცაა.“

ქართული მუსიკალური სივრცე მართლაც საკმაოდ ჩაკეტილია და ერთის მხრივ სრულიად მკვდარი ესტრადისა და პოპ მუსიკოსებისგან, მეორე მხრივ კი ე.წ. ალტერნატიული ბენდებისგან შედგება, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანამედროვე, ღირებულ  და ინდივიდუალურ მუსიკას ქმნიან, თუმცა იშვიათად  თუ ახერხებენ თავიანთი ნამუშვრის  პუბლიკამდე მიტანას. ალბათ ერთ-ერთი მისია , რაც შეიძლება ამ ფილმს დავაკისროთ, მასში გაჟღერებული მუსიკის პოპულარიზაცია და ფართო მასებამდე მიტანაა, თუმცა ძნელი სათქმელია რამდენად შეძლებს ფილმი ამ მისიის შესრულებას, ვინაიდან ეროვნული პროდუქციის და მით უმეტეს საავტორო კინოსადმი ინტერესი საზოგადოებში არც ისე მაღალია, ფილმი კი ალექსანდრე ქორიძის ჩანაფიქრის მიხედვით, სწორედ არტ-ჰაუსის კატეგორიას  განეკუთვნება. მისი თქმით, ქართული კინო საავტორო ფილმების დეფიციტს განიცდის და  მისი ნამუშევარი ამ დეფიციტის ერთგვარად შევსება იქნება. რაც შეეხება F5 -ში მონაწილე ბენდებს და მათ პოპულარიზაციას ფილმის საშუალებით, რეჟისორი ამასაც ფილმის ერთ-ერთ მთავარ მისიად მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ მათი სამომავლო ბედი და ცნობადობა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ფილმი, რომელიც სახელიდან გამომდინარე საზოგადოების გამოცოცხლებას, “დარეფრეშებას” აპირებს  და რამდენად აიტაცებს ქართველი მაყურებელი თანამედროვე მუსიკოსების ნამუშევრებს,რამდენიმე დღეში, ფილმის პრემიერის შემდეგ გაირკვევა.

Facebook

Youtube 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s