დედა თევზზე მომღერალი Sophie Villy-ს მუსიკალური ცხოვრება

559759_10151446979697158_111978375_nSophie Villy ქართველი მუსიკოსია, სრულიად ახალგაზრდა და საკმაოდ წარმატებული. პირველი ალბომი რამდენიმე თვის წინ გამოუშვა, ბოლო რამდენიმე წელია  უკრაინაში მოღვაწეობს და ივლისში  ბერლინში მართავს სოლო  კონცერტს. მანამდე თბილისში ჩამოვა უკვე გამოშვებული ალბომის წარსადგენად და ახალ მასალაზე სამუშაოდ.  

სრულიად ახალგაზრდა შემსრულებელს მუსიკასთან სიახლოვე გენეტიკით გადაეცა. ბალერინა დედამ და თვითნასწავლმა მუსიკოსმა მამამ, რომლებიც კონსერვატორიის პირდაპირ ცხოვრობდნენ, სოფიზე თავისდაუნებურად იმოქმედეს: “ მუსიკა ჩემს სახლში დილიდან ირთვებოდა. ძილის წინ კი მამა უკრავდა და მიმღეროდა. ყველაფერი The Beatles-ით და „ოლდსქულით“ დაიწყო. ბავშვობაში  დიდი ინტერესი მქონდა მუსიკალური გადაცემების, ლიტერატურის მიმართ. მიზიდავდა ასევე თეატრი და ოპერა. ეს ყველაფერი ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და ალბათ, გარკვეულ მომენტში მოსალოდნელიც იყო ამის გამომჟღავნება.

ის რასაც ეხლა ვაკეთებ, იმის ნაყოფია, რასაც ვიღებდი ბავშვობაში. ანუ რაზეც ვიზრდებოდი და როგორც ვიზრდებოდი. ჩემს სახლში იკრიბებოდნენ შესანიშნავი ქართველი (და არა მარტო) მუსიკოსები, პოეტები, მხატვრები და მსახიობები, ჩემი მშობლების მეგობრები, რომლებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე თავის დროზე. ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდებოდა.”

სოფი ამბობს, რომ გარდა ხილული მოგონებებისა, ჩვენ ყველას  ჩვენი  ფარული და განსაკუთრებული რაღაცები გვაქვს, რასაც ასევე ბავშვობიდან ვატარებთ და ზუსტად ასეთი, ბავშვობიდან თანმხლები სიზმრის ინსპირაციაა მისი პირველი ალბომი დედა თევზზე. სოფი იმასაც ამბობს, რომ ბავშვობაში ხშირად ესიზმრებოდა ლურჯი თევზი, რომლამდე მიღწევასაც ცდილობდა და რომელიც რაღაცატომ მისთვის მის საუკეთესო მეგობართან, დედასთან ასოცირდებოდა.

“ლურჯი თევზი ჩემთვის დღემდე ამოუცნობი რჩება. არ ვიცი რას ნიშნავდა ის სიზმარი, რომელიც ძალიან ხშირად მევლინებოდა. ლურჯი თევზი, ჩემი ბავშვობის სიმბოლო, ალბათ რაღაც ამოუცნობი სივრცეა, ენერგია, რომელიც ჩემშია და ჩემს მუსიკაში დიდ როლს თამაშობს. დედასთან ეს ყველაფერი ერთი მისტიური დღით კავშირდება.

2010 წლის 22 თებერვალს, დედაჩემის დაბადების დღეზე დათოვლილ პარკში ვსეირნობდი, ყავას  ვსვამდი და უცებ, იმ ადგილას, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, ნაფეხურებით თევზის ფორმა გამოიკვეთა. გაოცებული დავბრუნდი სახლში და  15 წუთში დავწერე სიმღერა “Mother Fish”. ამ სიმღერაში ჩემი და დედაჩემის ურთიერთობა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა გადმოცემული. ერთი სიტყვით, ყველაფერი ერთად – ბავშვობის მოგონება, სიყვარული, განახლება, მშვიდობისადმი მისწრაფება,  თავისუფლება.”

ალბომში კიდევ 2 პერსონას, ლუკას და ნინას შეხვდებით, რომელთაგან პირველი  სოფის პატარა ძმა, ახლო მომავალში მასთან ერთად დრამზე დაკვრას გეგმავს, მეორე კი, რომლისადმი მადლიერებაც სოფის არ ასვენებს, ნინა სიმონეა.

სოფი ჩვენთან საუბრისას იხსენებს იმ პირველ ნაბიჯებს, რომელსაც ის, როგორც მუსიკოსი კიევში დგამდა. ეს იყო აგვისტოს ომის შემდეგ, როცა სოფი დედის სამშობლოში გადავიდა საცხოვრებლად:

“კიევში როდესაც ჩავედი, არავის არ ვიცნობდი ერთი მუსიკოსის გარდა. დავაარსეთ ჯგუფი „ Backstage”. ვუკრავდით ჩვენს მუსიკას და გვიხაროდა. სულ რამდენიმე თვეში დავიწყეთ  კიევის კლუბებში კონცერტების გამართვა.ბევრი აღმიქვამდა როგორც ამერიკელს, ხანდახან, როგორც ბრიტანელს. არ ვიცი რატომ. დღემდეც ძალიან ბევრს გონია რომ „იქიდან“ ვარ.

„არ გვჯერა რომ პოსტსაბჭოური სივრციდან ხარ“ –   იწერებოდნენ მუსიკოსები ბერკლიდან და ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან  ალბომის გამოშვების შემდეგ.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია. როდესაც გაქვს სათქმელი, მაშინ თამამად უნდა დაიწყო ამაზე მუშაობა და ყველაფერი თავისით გამოვა. 

რა თვისობრივი მსგავსება/განსხვავებებია ქართულ და უკრაინულ სცენას, პუბლიკას შორის?

უკრაინაში იციან მოსმენა. ყოველ შემთხვევაში, ჩემს კონცერტებზე საკმაოდ „კულტურული“ მსმენელი მოდის, რაც ძალიან სასიამოვნოა. იციან რისთვის მოდიან და შენც შესაბამისად გასცემ იმას, რაც გინდა გასცე, რაც უნდა მივიდეს მათ ყურამდე და გულამდე.  ყოველი ლაივ შოუ ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა დაერთმანეთისგან განსხვავდება. აქ ხშირად აქვს ადგილი სხვადასხვა კოლაბორაციას, ზოგჯერ სულ მარტოც ვუკრავ. ჩემი ჯგუფი თბილისშია ამჟამად.

იცით, თითქმის არასოდეს არ ვიცი წინასწარ რას დავუკრავ.  ატმოსფეროზეა დამოკიდებული. ხანდახან ისეც ხდება, რომ სცენაზევე მოდის რაღაც ახალი სიმღერა, ანუ სრული იმპროვიზაცია, რომელიც ყოველთვის იწყება ადრე თუ გვიან და ვერსად ვერ ემალები.

თბილისშიც უკვე ბევრი რამე შეიცვალა  და აქაც იწყება ინდი მუსიკის გარკვეული აუდიტორიების ჩამოყალიბება.

ვინ არის ის ხალხი, ვისთან ერთადაც მუშაობ მოცემულ მომენტში? ანუ, შენი ბენდი?

ჩემი მეგობრები – გიორგი ბერიშვილი (ხონძი) – (საქსოფონი, კლავიში), ლევან მიქაბერიძე (მაჩვი) – (ბას გიტარა), სანდრო ნიკოლაძე – (დრამი) და დათო თოიძე – გიტარა/ხმის რეჟისორი.

როგორ შეაფასებდი დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სივრცეს?  ან საერთოდ კულტურულ მოვლენებს?

ნამდვილად არიან ნიჭიერი მუსიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ რაღაცის შეცვლა უკეთესობისკენ. მთავარია ერთად ყოფნა და მოძრაობა. სიზარმაცე არ უნდა მოგვერიოს. საჭიროა გარკვეული ხედვა. არასტანდარტული ხედვა. სწორედ ეს ბადებს ახალს და აქტუალურს.

თანამედროვე ქართველი მუსიკოსებიდან/ბენდებიდან ვის გამოყოფდი და ვინმესთან ერთად კოლაბორაციაზე თუ იფიქრებდი?

გამოვყოფდი Z for Zulu-ს და Lady Heroine-ს, ჩემი მეგობრები არიან და ძალიან მომწონს რასაც აკეთებენ. კოლაბორაციაზეც ვფიქრობთ. რა გამოვა, მაგას ვნახავთ.

 Facebook 

Youtube

Official site 

გააკეთე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s